X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხაშურს საერთაშორისო სტანდარტის ახალი საფეხბურთო სტადიონი აქვს

21 მაისი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხაშურში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაასრულა.

სტადიონის მშენებლობა, მსოფლიო ბანკის 6.4 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდა.

სამუშაოს ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდა სპორტული განათება და სტადიონის სათანადო მდგომარეობაში შესანახად აუცილებელი სარწყავი სისტემა. სტადიონის ტერიტორიაზე აშენდა 2100 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და დამხმარე შენობა-ნაგებობები. მოწესრიგდა სტადიონის მიმდებარე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერები თბილისში მიხეილ მესხის ცენტრალური და სათადარიგო სტადიონების  და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციაზე. სტადიონებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად.  სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა დაგეგმილია თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულება 100 მილიონი ლარია.

სამინისტრო მიმდინარე წელს გეგმავს ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში სპორტული კომპლექსების, ხოლო ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობის დასრულებასაც.